ცოტა რამ ისტორიიდან
თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონი ,,კომაროვი’’ 40-წელზე მეტია, რაც არსებობს. საბჭოთა კავშირის ზეობის წლებში ტექნიკისა და მეცნიერების არნახულმა განვითარებამ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წინაშე დააყენა ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების გაუმჯობესება. განათლების დარგის მუშაკებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ საგანმანათლებლო სკოლების სტრუქტურა და მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და სხვა სასწავლო დისციპლინების პროფილით გაეხსნათ სპეციალური კლასები, ჯგუფები, სკოლები და სკოლა-ინტერნატები.

სასწავლებლების მიზანი გახლდათ ფიზიკისა და მათემატიკის შესწავლისადმი მიდრეკილებისა და უნარის მქონე მოზარდთა გამოვლენა, მათი შესაძლებლობების ყოველმხრივი განვითარება. პირველად ასეთი ტიპის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება მოსკოვის მახლობლად–კუნცევოში გაიხსნა. ეს გახლდათ მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ა. კოლმოგოროვი.
მალე ასეთივე სასწავლებლები დაარსდა ლენინგრადში, კიევში, ნოვოსიბირსკსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში.
და აი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროსა და რესპუბლიკის მათემატიკური საზოგადოების თაოსნობით, ხელმძღვანელი ორგანოების დადგენილების საფუძველზე,
1964-1965 სასწავლო წლიდან თბილისში გაიხსნა ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი. დირექტორად დაინიშნა მათემატიკოსი ვარლამ მელაძე.

სკოლამ დაარსებიდან ორიოდე წლის განმავლობაში მთელს რესპუბლიკაში გაითქვა სახელი, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელსაც კი არ ჰქონდა ისეთი დიდი კონკურსი, როგორიც _ თბილისის ფიზიკა-მატემატიკურ სკოლა-ინტერნატს. ამ თვალსაჩინო აღიარებას მოჰყვა ის დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, რაც სასწავლებლის ხანმოკლე ცხოვრების ისტორიაში მოხდა.საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ 1967 წლის 26 აპრილს მიიღო სპეციალური დადგენილება # 265, რომელშიც ვკითხულობთ:
,,დაკმაყოფილდეს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს შუამდგომლობა და ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-ინტერნატს მიენიჭოს სსრ კავშირის კოსმონავტი-მფრინავის, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირის, ინჟინერ-პოლკოვნიკ ვლადიმერ მიხეილის ძე კომაროვის სახელი.’’